საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია: სიცრუეა, რომ მესამე მოსმენისთვის კონსტიტუციის პროექტის შეცვლა შეიძლება

ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების წევრთა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ოპოზიციასთან კონსენსუსის გამონახვა და ამ კონსენსუსზე დაყრდნობით კონსტიტუციის მესამე მოსმენისთვის ცვლილებების შეტანა უნდათ არის სიცრუე. ბოკერიას თქმით, ამ განცხადებებით ოცნება საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

"ახლა ვისმენთ, რომ კონსტიტუციის პროექტის უკან გავწვევას არც განიხილავენ, რაღაც სამართლებრივ სისულელეს გვეუბნებიან, რომ მესამე მოსმენისას კონენსუსის საფუძველზე შეიცვლება ჩანაწერი. მესამე მოსმენისას როგორ უნდა შეიცვალოს პრინციპული საკითხი? ეს პროცედურულად არის შეუძლებელი. ეს არის უბრალოდ პოლიტიკურად უტიფარი სიცრუე. ისინი ამ სიცრუით ცდილობენ საერთაშორისო და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვითომ თავად არიან დიალოგის მომხრენი, მაგრამ ოპოზიციაა რადიკალურად განწყობილი და არ სურს ვითარების ჩიხიდან გამოყვანა. 

მთელი სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება ერთ მხარეს არის, მეორე მხარეს კი არის პარტია, რომელმაც მიიღო არჩებვნებში მონაწილეთა 48%. 

ჩვენ, ევროპულმა საქართველომ მათ შევთავაზეთ ერთადერთი გამოსავალი - პლებისციტი. ხალხისთვის კითხვა იმ ფუნდამენტური საკითხების, რაც არის ყველაზე უფრო დიდი წყალგამყოფი, ესენია - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და საარჩევნო სისტემა. ამაზეც მათ თქვეს უარი", - რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს ბოკერია. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მათ ოპოზიციისა და არასამთავრობოთა წინადედები კონსტიტუციაში 70-80%-ით გაითვალისწინეს და რომ გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის უკან გაწვევა მოხდეს. 

ბოკერიას თქმით, ქართული ოცნება მოსახლეობას კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვების დროსაც ატყუებდა, მაშინ კონსტიტუციის პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა, თუმცა მეორე მოსმენით მიღებული დოკუმენტით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. 

"მათ ბოლო წამს, დიალოგის გარეშე შეცვალეს იქამდეც ცუდი პროექტი და ბოლო წამს ის გააუარესეს. რა საჯარო განხილვაზეა საუბარი, მთელი ამ საჯარო განხილვების დროს ერთი სიტყვა არ დაძრულა იმის შესახებ რომ მაჟორიტარებს არ აუქმებდნენ. მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რომ ნორმალური პროპორციული სისტემის მომხრე ვართ, როდესაც გადაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის ნაწილდება მათ მიერ მიღებული პროცენტების მიხედვით", - ამბობს ბოკერია. 

კომენტარები