საკონსტიტუციო ცვლილებები

ბურჯანაძე: ახლა ივანიშვილს პარტიების მოსასყიდად ფულის დახარჯვაც აღარ უნდა

ტაბულა

"ივანიშვილს უკვე საკუთარი ფულის დახარჯვაც კი აღარ უნდა ცალკეული პარტიების მოსასყიდად, როგორც ამას ადრე აკეთებდა", - ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

ქართული ოცნების მიერ შექმნილი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთჯერადად 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება, რაც უფრო მეტ ოპოზიციურ პარტიას აძლევს პარლამენტში მოხვედრის საშუალებას. თუმცა კონსტიტუციის პირვანდელი ვერსია ამ ცვლილებას არ ითვალისიწნებდა და მისი მიხედვით უკვე 2020 წელს უქმდებოდა მაჟორიტარული სისტემა. მმართველმა პარტიამ უარი თქვა 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარების გაუქმებაზე და ის 2024 წლისთვის გადაწია, სავარაუდოდ ამ ცვლილების კომპენსაციისთვის დაიწევა ბარიერი ერთჯერადად 3%-ზე. 

"ეს არის სამარცხვინო, ეს არის ვაჭრობა ოპოზიციასთან, ეს არის პრაქტკულად გადმოგდება 3%-იანი ბარიერის, მაშინ როდესაც უქმდება საარჩევნო ბლოკები, მაშინ როდესაც არ ცვლიან მაჟორიტარულ სისტემას. ივანიშვილს უკვე საკუთარი ფულის დახარჯვაც კი აღარ უნდა ცალკეული პარტიების მოსასყიდად, როგორც ამას ადრე აკეთებდა და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ 3%-იანი ბარიერით ყველა მოისყიდოს. მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ არავითარ შემთხვევაში, ბარიერის დაწევის გამო არ დათმონ ის პრინციპული ცვლილებები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს. პარტიებისა და არასამთავრობოების მთავარი შენიშვნები საარჩევნო სისტემას უკავშირდება, რომლითაც 2024 წლამდე გადავადდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები.

კომენტარები