აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე უარი უთხრა

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანში, ნასიმის რაიონულმა სასამართლომ, აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე უარი უთხრა.

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუკი მუხთარლის ციხიდან გაუშვებენ, არსებობს მისი ქვეყნიდან გაქცევის საფრთხე.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მუხთარლი შეეწინააღმდეგა გამომძიებლის მოსაზრებას, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები უკვე გაიმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები