აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

ადვოკატი: ლეილა მუსტაფაევას მიმართ შესაძლოა ახალი დანაშაული მზადდებოდეს

Leyla Mustafayeva

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლის, ჟურნალსიტ ლეილა მუსტაფაევას და აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგინ აღალარლის მიმართ შესაძლოა ახალი დანაშაული მზადდებოდეს. ვარაუდს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი გამოთქვამს", რომელიც მუხთარლის ოჯახის უფლებებს იცავს. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ლეილა მუსტაფაევამ და აღალარლიმ 4 აგვისტოს შეამჩინეს, რომ მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ 4 ადამიანი უთვალთვალებდა. მათი ფოტოები და ვიდეჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას 7 აგვისტოს წარუდგინეს. 


ფოტო: კონსტიტუციის 42-ე მუხლი


ფოტო: კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მუსტაფაევას და აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის შესახებ ინფორმაცია პოლიციას 29 ივნისსაც მიაწოდეს, ასევე, პოლიციას დამატებით აცნობეს, რომ მათ 29 მაისამდე, აფგან მუხთარლის გატაცებამდეც უთვალთვალებდნენ. 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვინაიდან აფგან მუხთარლის გატაცებამდეც სწორედ ანალოგიური ვითარება იყო, ახლა გააქტიურებული თვალთვალიც, დიდი ალბათობით, მსგავსი დანაშაულის შესაძლო მზადებაზე მიუთითებს. არჩილ ჩოფიკაშვილი ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს უმოქმედობაშიც ადანაშაულებს. 

"დღემდე, არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები
ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ. ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, ხოლო დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის შემდგომში და ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ", - ამბობს ჩოფიკაშვილი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში ყავდათ დაკავებული. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხტარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა. 

კომენტარები