აფგან მუხთარლის საქმე

ევროპარლამენტის რეზოლუცია: საქართველომ სწრაფად უნდა გამოიძიოს მუხთარლის გატაცება

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული სპეციალური რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დეპუტატები მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს. საქართველოს ასევე ახსენებენ, რომ ის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და უნდა დაიცვას ქვეყანაში მყოფი აზერბაიჯანელები და მათ ცხოვრების ნებართვა მიანიჭოს. დეპუტატები ასევე საუბრობენ ქართული მხარის მიერ სწრაფი და ეფექტური გამოძიების საჭიროებაზე.

"აფგან მუხთარლი აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც იძულებული გახდა, 2015 წელს საცხოვრებლად თბილისში წასულიყო. ის 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და რამდენიმე საათში ბაქოში გაჩნდა.

ადვოკატის მტკიცებით, აფგან მუხთარლი დააკავეს უცნობმა პირებმა, რომლებსაც საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, "ჩატენეს" მანქანაში, სცემეს და აზერბაიჯანის საზღვრისკენ წაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, უკანონოდ "ჩაუდეს" 10 000 ევრო.

ამჟამად აფგან მუხთარლის ემუქრება პატიმრობა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. ზემოჩამოთვლილი დანაშაულები რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2017 წლის 31 მაისს აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლი სხვადასხვა დამოუკიდებელ მედიაში მუშაობდა, რადიო თავისუფლების ჩათვლით. ის ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკული გაშუქებით. მან თავი შეაფარა საქართველოს, რათა სამართლებრივ დევნასა და დაშინებას გაქცეოდა.

საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი და მისი პასუხისმგებლობაა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უსაფრთხოების დაცვა მის ტერიტორიაზე და მათი აზერბაიჯანში ძალადობრივი დაბრუნების პრევენცია. აზერბაიჯანის მოქალაქეები კი მზარდად იღებენ უარს ცხოვრების ნებართვაზე საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფგან მუხთარლის გატაცებაზე თქვა, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის. საქართველოს შსს-მ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკეთის მუხლით", - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოდან აფგან მუხთარლის გატაცებას.

"ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება და დასაჯოს დამნაშავეები;

ევროპარლამენტს უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, დაამტკიცოს საქართველოს ხელისუფლებამ და გაფანტოს ეჭვები, რომ გატაცებში სუს-ის თანამშრომლები არ იყვნენ ჩართული.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვან მესამე ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში ემუქრებათ სამართლებრივი შედეგები პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობის გამო", - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში მწვავედაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. ნახსენებია დაშინება, რეპრესია, წამება, სამოგზაურო აკრძალვები ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლების და სხვათა მიმართ.

კომენტარები