რუსთავში 7 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, გოგონას სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონას საყოფაცხოვრებო ნარჩენები ურნაში გადასაყრელად მიჰქონდა და გზაზე გადაირბინა.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და მისი ვინაობა ცნობილია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება". აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.





