რეპერების საქმე

"რა გემღერებოდათ?" - ბირჟა მაფიას რეპერი დაკავების დეტალებს ყვება

Facebook/ Gio Keburia

"ბირჟა მაფიას" რეპერი გიორგი ქებურია იგივე Kay G დაკავების დეტალებს იხსენებს. ქებურიას თქმით, ის დაკავებისას მარტო იმყოფებოდა, ისევე, როგორც მიშკა მგალობლიშვილი [Young mic]. 

ქებურიას თქმით, ის დედის კუთვნილი ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც მას წინ თეთრი "შკოდა" გადაუდგა. რეპერის თქმით, პიკის საათი იყო და მანქანისთვის გვერდის ავლა ვერ მოახერხა.

"გადმოდის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი 2 ადამიანი, რომელიც მოემართება ჩემკენ, მიღებენ კარს, აქრობენ მანქანას, მართმევენ ტელეფონს და ძალის გამოყენებით გადავყავარ თავის მანქანაში. არავინ ახსნა განმარტებას არ აკეთებს. არ უთქვამთ ვინ იყვნენ, მაგრამ დავაკავშირე "შკოდა", პოლიციის მანქანა, კლიპით გაღიზიანება და ეგრევე მივხვდი, რა ხდებოდა. როცა ვუსვამდი კითხვებს, პასუხი არავის გაუცია,"- ყვება გიორგი ქებურია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში".

რეპერი ამბობს, რომ ის უცნობ პირებს კითხვებს უსვამდა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა დაკავებული ან რატომ, თუმცა ისინი არ პასუხობდნენ. შემდეგ, ქებურიას ცნობით, ის იმ ადგილას დააბრუნეს, სადაც მისი ავტომობილი იყო დატოვებული და მანქანა გადაადგილებული დახვდა. რეპერი იხსენებს, რომ ის სხვა მანქანაში გადასვეს, სადაც ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები ისხდნენ. 

"იქ რაღაც ირონიულ რეპლიკებს ჰქონდა ადგილი, მაგალითად "რა გემღერებოდათ?" "გემღერათ ჩვეულებრივ თემებზე". ასევე, ფიგურირებდა მგალობლიშვილის გვარიც. ისინი ცდილობდნენ ჩემი ხასიათის დადგენას, როგორი ტიპი ვიყავი. ვსწავლობდი თუ არა, რას ვსაქმიანობდი. იქ პირველად გაჟღერდა ნარკოტიკი "გიყვარს თუ არა ბიო?" ასეთი კითხვა იყო. რა თქმა უნდა, არ მაქვს მე არანაირი შეხება და არ მქონია ნარკოტიკებთან და როცა უშუალოდ გავიგე, რის გამო ვიყავი დაკავებული. მე ვსვამდი კითხვას, ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც მივიღე უარი და მეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ, გასაუბრება უნდოდათ. შემდეგ მანქანაში ჯდება კიდევ ერთი უცხო პირი, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, რომელიც თავს მაცნობს გამომძიებლად, ოღონდ, სახელსა და გვარს არ მეუბნება და ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება და ამბობს, რომ მე თან უნდა მქონოდა ნარკოტიკი,"- იხსენებს გიორგი ქებურია. 

12 ივნისს "ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 50 000 და 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გამოსვლისას მგალობლიშვილმა სწორედ ამ სიმღერის რეჩიტატივი წაიმღერა, რის გამო დაკავებაზეც თავად საუბრობს.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები