1 ივლისიდან ქონებისა და მომსახურების ფასების დოლარში ნომინირება იკრძალება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პირველი ივლისიდან ბიზნესს პროდუქციისა და მომსახურების ლარში ფასდადების ვალდებულება უჩნდება. რეკლამის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსში შესული ცვლილებებით ის ბიზნესები, რომლებიც ამ მოთხოვნას დაარღვევენ 5 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან.

"პირველი ივლისიდან იწყება უძრავი ქონების ლარში ფასდადება, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სპეციალურ მარკეტინგულ კლიპებს, იმისათვის, რომ მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავზარდოთ ცნობადობა ამ კანონმდებლობის. არავის არ აქვს სურვილი, რომ მოხდეს დაჯარიმება კომპანიების. ჩვენ ექვსი თვე მივეცით კომპანიებს, ახლა ჩვენ კიდევ დავიხარჯებით, რომ ამ კანონის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს", - ამბობს ქუმსიშვილი.

მთავრობის პოზიციით, ეს ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი ადგილობრივ ვალუტაზე გადაერთოს და მასში პროგნოზირებადობა გაიზარდოს. 

სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისებსაც აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, შემდეგი გამონაკლისები დგინდება:

  • ნებისმიერი საერთაშორისო რეზერვაციის პორტალის ან/და უცხოური ვებ გვერდის მეშვეობით ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოურ ენაზე.
  • საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტ პირთათვის ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, იმ პირობით, რომ შეთავაზება/რეკლამირება ხორციელდება ასევე ეროვნული ვალუტით.
  • საერთაშორისო, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე, გამოგონებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის გაწეულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.

კომენტარები