პრემიები

გახარია პრემიებზე: ეს იყო წარსულის მემკვიდრეობა, რომლიდან გამოსვლაც იოლი არაა

ტაბულა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საჯარო სექტორში 251 მილიონის დანამატები და 67 მილიონის პრემია გაიცა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით დღეს თქვა, რომ ეს "იყო წარსულის მემკვიდროება, რომლიდანაც ამოსვლა მარტივად არ იყო შესაძლებელი".

"რა თქმა უნდა მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს, მაღალკვალიფიციურ გუნდის წევრებს სჭირდებათ შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერბი უნდა იყოს რაღაც. ეს უნდა იყოს ყველაფერი გამჭვირვალედ, რაც მთავარია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მივდივართ. რაც ახლა კეთდება საჯარო სამსახურის რეფორმასთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. უახლოეს პერიოდში ვფიქრობ, რომ მსგავსი თემებიც არ იქნება აქტუალური. იყო რაღაც წარსული მემკვიდრეობა რომლიდანაც ამოსვლა მარტივად არ იყო შესაძლებელი და ხდებოდა რაღაც ფორმებით ამ თემების რეგულირება. ახლა ვიცით რომ საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა დაწყებულია დასრულდება და ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

აუდიტის ანგარიში აჩვენებს, რომ საჯარო უწყებები სულ უფრო მეტად ერიდებიან მათ თანამშრომლებზე პრემიების გამოწერას, მის სანაცვლოდ კი მათ სახელზე დანამატებს წერენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველას ესმის, რომ "რეალურად ერთი ადგილიდან მეორეში გადატანით ბევრი არაფერი არ იცვლება". 

2014-2016 წლებში პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

პრემიები

  • 2014 - 106 მილიონი ლარი
  • 2015 - 73 მილიონი ლარი
  • 2016 - 67 მილიონი ლარი

დანამატები

  • 2014 - 182 მილიონი ლარი
  • 2015 - 230 მილიონი ლარი
  • 2016 - 251 მილიონი ლარი

2014 წელს მთავრობამ პრემიებთან დაკავშირებით გამოსცა დადგენილება - "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ." მისმა ამოქმედებამ, შეზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. 

კომენტარები