"არ შეგრჩებათ" - ჟურნალისტების პროტესტი აფგან მუხთარლის საქმეზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სხდომაზე მოულოდნელად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. ჟურნალისტებს თან აქვთ პლაკატები წარწერით - "თავისუფლება აფგან მუხთარლის", "არ შეგრჩებათ".

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისში თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე ასე ატარეს. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები