სახ.დეპ: შეშფოთებული ვართ მუხთარლის თბილისიდან გატაცებით და აზერბაიჯანში დაკავებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. 

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ცნობით, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან, საქართველოდან და შემდეგ დააკავეს.

ჩვენ ასევე შეწუხებულები ვართ "აზერბაიჯანული სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის გოზალ ბაირამლის დაკავების ფაქტით.

მოვითხოვთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლოს დაპატიმრებულები, რათა აღასრულონ საერთაშორისო და ეუთო-ს მიმართ აღებული ვალდებულებები ადამიანების ძირითადი თავისუფლებების კუთხით.

ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს გატაცებასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე, დროული და სრულყოფილი" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები