აფგან მუხთარლის მხარდამჭერები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

ტაბულა

აზერბაიჯენელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის ძველ შენობასთან გაიმართა.

მუხთარლის მხარდამჭერებმა წერილით საქართველოს პარლამენტს გუშინ მიმართეს და სოფიო კილაძესთან ან ირაკლი კობახიძესთან შეხვერა მოითხოვეს. დღეს კი პარლამენტის კანცელარიაში მხარდამჭერებს უთხრეს, რომ წერილი ჩაბარებულია, თუმცა ვერ უპასუხეს, შეხვდებიან თუ არა მათ პარლამენტარები.

აქციის მონაწილეები აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტზე საპარლამენტო კონტროლის ამოქმედებას ითხოვენ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები