ინტერნეტ-თამაში

ჯეჯელავა ინტერნეტ-თამაშზე: აუცილებლად აღვკვეთთ ამ პროცესს

ტაბულა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მედიას მოუწოდებს, არ მოახდინონ იმ ინტერნეტ-თამაშის პოპულარიზაცია, როლითაც ბავშვები თვითდაზიანებას იყენებენ. მინისტრის განმარტებით, ყველა სკოლა მობილიზებულია, რათა ბავშვებს არაფერი დაუშავდეთ.

"თითოეულ სკოლაში, როგორც მანდატურის სამსახური, ასევე სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან თვითდაზიანების ნებისმიერ შემთხვევას. არამარტო თვითდაზიანების, არამედ რაღაც უცნაური აქტივობის ბავშვების მხრიდან. ჩვენ აუცილებლად აღვკვეთთ ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებიც ყურადღებით იყვნენ, რათა მათი შვილები რაიმე აქტივობაში არ იყვნენ ჩართულები და თვითდაზიანებაზე არც იფიქრონ. თუკი ასეთი ეჭვი მაინც გაჩნდება, ჩვენი რესურსცენტრები, ფსიქოლოგიური სამსახურები, მანდატურები... ყველა სკოლა და პედაგოგი მობილიზებულია, რომ ბავშვებს და ოჯახებს დაუდგნენ გვერდით, რათა არცერთ ბავშვს არაფერი დაუშავდეს", - თქვა მინისტრმა.

თამაშთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა (115-ე) და კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენების (285-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 12 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადახტა, ის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებით წევს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მან საავადმყოფიში მიყვანის შემდეგ თქვა, რომ მიცემულ დავალებებს ასრულებდა. როგორც ირკვევა, მოზარდს გადახტომამდე ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირები ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ. 

ინტერნეტ-თამაში, რომლის სახელსაც ტაბულა არ ასახელებს, პირველად 2013 წელს ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. თამაში შედგება მოთამაშეებისა და კურატორებისგან, რომლებიც დავალებებს გასცემენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავთ. კურატორები მონაწილეებს დავალებებს აძლევენ, დავალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდება და ზოგიერთ მოთამაშეს მასზე დამოკიდებულება უყალიბდება. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება - ზოგჯერ თვითმკვლელობა.

თამაშს ყველაზე მეტი მსხვერპლი რუსეთში ჰყავს, Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, მას 100-ზე მეტი თვითმკვლელობა მოჰყვა. RT-ის ინფორმაციით კი, რუსეთი ამ და მსგავსი თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებებს დუმამ მხარი 26 მაისს დაუჭირა. თამაშს მსხვერპლი მოჰყვა კენიაში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებშიც. ABC-ის ინფორმაციით, 2017 წლის 25 მაისს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსის სკოლებმა, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, თამაშის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით მშობლების ინფორმირება დაიწყეს. 

თამაში ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება წარიმართოს. მოთამაშეს Facebook-ის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება დაუკავშირდეს კურატორი და თამაში შესთავაზოს.

კომენტარები