კომერციული ბანკები

მიწების შესახებ კანონპროექტი ბანკებსაც უწესებს ახალ რეგულაციებს

AP Photo

საქართველოს კომერციულ ბანკებს ახალი რეგულაციები შეიძლება დაუწესდეთ. ცვლილებას მიწების შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, იმ ბანკებს, რომელთა აქციების 50%-ზე მეტ წილსაც უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ უფლება აქვთ ეკუთვნოდეთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, თუმცა მათ ეს მიწა ერთი წლის ვადაში უნდა გაასხვისონ. 

იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან მიკროსაკრედიტო კანონით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მიწის გასხვისების ვალდებულებას და სახელმწიფოსთვის ცნობილი გახდება ამ გარემოების შესახებ, იგი ერთ თვეში წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს.

უცხოელმა იმისთვის, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი გახდეს, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მრავალი ტიპის ცნობები და ნებართვები, ბიზნესგეგმები და საგადასახადო დოკუმენტაციები უნდა წარადგინოს. თუ უცხოელი მაინც მოიპოვებს მიწის შეძენის უფლებას მას 100 ჰექტარზე დიდი ფართობის მიწის შეძენა ეკრძალება, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში კი მას მიწის შეძენა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში შეეძლება.

მოთხოვნები, რაც უცხოელმა მიწის შეძენისთვის უნდა დააკმაყოფილოს:

  • უცხოელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს საინვესტიციო გეგმა და მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს.

  • წარადგინოს ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში

  • წარადგინოს ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.

  • უნდა ჰქონდეს საინვესტიციო ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა

  • უცხოელის მიერ მიწის შეძენა უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის ნაწილი.

  • თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაბუთებულად მიიჩნევს მოთხოვნას და ადასტურებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას, ის მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაციის გასაცემად.

  • თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ეტყვის დაინტერესებულ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე

  • თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას გასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მიწის შეძენის განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას, მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

  • საქართველოს მთავრობა თითოეულ შემთხვევაში მთავრობის სხდომაზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გასხვისდეს თუ არა მიწის ნაკვეთი.

 

კომენტარები