კრიმინალი

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბადრი ნათობაძეს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და განზრახ მკვლელობა. 

ცნობისთვის, 2016 წლის სექტემბერში, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე მანქანაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად იმყოფებოდა ზაქარია ჩიბუხაშვილიც, რომელიც დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით, 1981 წელს დაბადებული ბადრი ნათობაძე დააკავეს.

„ღია სასამართლო სხდომებზე, წარდგენილი ბრალი ბადრი ნათობაძემ ნაწილობრივ აღიარა და არ დაეთანხმა ზაქარია ჩიბუხაშვილის მიმართ მკვლელობის განზრახვის ბრალდებას.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ბადრი ნათობაძის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები.

შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

კომენტარები