ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი ოლნაინსესხების კომპანიებს ამოწმებს

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკი ონლაინსესხების კომპანიების საქმიანობას სწავლობს, ამის შესახებ დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკი ამოწმებს შეესაბამება თუ არა ამ კომაპნიების მიერ გაცემული სესხები 2017 წლის იანვარში მიღებულ კანონმდებლობას, რომლითაც ქვეყანაში სესხების განაკვეთზე 100%-იანი ლიმიტი დაწესდა და ყველა ტიპის საკრედტო კომპანიას 100 ათას ლარამდე სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში აეკრძალათ.

"ონლაინსესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს. ეცადნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, რომელშიც ყველა ხარჯი უნდა იყოს ჩართული, არ მოხვედრილიყო, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინ-კომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინ კომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია. გავაანალიზეთ, ყველაფერს შევხედეთ. ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ ხელშეკრულებებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რომელშიც არ ჩადეს რაიმე ხარჯი, ხომ არ დაირღვა ეფექტური პროცენტის ლიმიტი - ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები გვაჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან“,- ამბობს კობა გვენეტაძე.

საკანონდებლო ცვლილებამდე ონლაინსესხების საშუალო ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთები 400-700%-ის ფარგლებში იყო, მათი ვადაგადაცილების შემთხვევაში კი განაკვეთები 1000%-საც აჭარბებდა. ამ ცვლილების შემდეგ კი განაკვეთების დონე შემცირდა, თუმცა განაკვეთების დონის შემცირებამ ამ კომპანიების საქმიანობის მოდელის ცვლილებაც გამოიწვია, აღნიშნულმა კომპანიებმა სესხების გაცემა გაართულეს. მათი ნაწილი კი მიკოსაკრედიტო ორგანიზაციად დარეგისტრირდა.

კომენტარები