აუდიტის სამსახური

ნარმანია: პროკურატურა დაადგენს, იტყუება თუ არა ლაშა თორდია

დავით ნარმანია
ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროკურატურა დაადგენს, იტყუება თუ არა გენერალური აუდიტორი. ნარმანიას თქმით, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწების გადაცემა კანონმდებლობის და წესების სრული დაცვით მოხდა.

კითხვაზე - "აუდიტორი იტყუება"? ნარმანიამ უპასუხა, რომ "დაადგენს პროკურატურა".

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში ორი დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, ანგარიშის თანახმად, აუქციონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ოთარ ფარცხალაძე ყოფილიყო,

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე, სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა, მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა. 

"მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები" - აცხადებს აუდიტის სამსახური.

საქართველოს პროკურატურამ აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

კომენტარები