თავდასხმა ლაშა დორდიაზე

ფარცხალაძის ადვოკატი თვითმხილველებს: არ შეგეშინდეთ თორდიას მუქარის, თქვით სიმართლე

ოთარ ფარცხალაძე

"ჩვენ ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ მომხდარი შემთხვევის ნებისმიერ თვითმხილველს, არ შეგეშინდეთ საქართველოს მთავარი აუდიტორის მუქარის, ნუ მოგერიდებათ, თქვათ სიმართლე" - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი მტკიცებით, ლაშა თორდია „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებს. 

"ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ მოქალაქეებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე" - განაცხადა ჩიქოვანმა. 

ადვოკატის თქმით, არასამთავრობო სექტორი და გარკვეული პოლიტიკური ფიგურები თორდიას ვერსიას ახმოვანებენ და ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებენ დამნაშავედ, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევაა.

მერაბ ჩიქოვანის განცხადებითვე, თუ აუდიტის სამსახურის დასკვნა დროულად არ გამოქვეყნდება, ისინი ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავენ. 

”ბატონ ოთარ ფარცხალაძისადმი საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უძრავ ქონებას, საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია. მოვუწოდებთ ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, შეისწავლონ დასკვნა და საზოგადოებას ამცნონ სრული სიმართლე. იმ შემთხვევაში, თუ თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის,”- განაცხადეს ადვოკატებმა. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს მოხდა. თორდია მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები