თავდასხმა ლაშა დორდიაზე

ევროპული საქართველო მოითხოვს თორდიაზე თავდასხმა პარლამენტმა გამოიძიოს

აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეზე გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტზე საპარლამენტო გამოძიებას ითხოვს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო". 

"ქვეყანა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს, თანაც, ამას აკეთებს სახალხოდ, ბევრი ადამიანის თანდასწრებით, ეს ქვეყანა უკვე აღარ არის სახელმწიფო. მომხდარი ფაქტი ნათლად გამოხატავს ივანიშვილის მმართველობის სიმახინჯეს, სადაც წახალისებულია ძალადობა და სადაც ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობა ითვლება დაუსჯელობის ყველაზე უფრო მყარ გარანტიად.

პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად აპელირებს, რომ ახალ კონსტიტუციაში უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება ექნება. ეს არის ტესტი და ევროპული საქართველო მოითხოვს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით თუკი არსებობს პოლიტიკური ნება, ნამდვილად შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი და დაუჯერებელი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო მოხელეს იმის გამო, რომ ის თავის ვალდებულებას ასრულებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ, სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გუშინ ღამით, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია ამბობს, რომ მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები