თამბაქო

ჯეჯელავა: თამბაქოს კონტროლის კანონის კონსტიტუციურობაზე ალბათ სასამართლო იმსჯელებს

ტაბულა

"არის თუ არა ბრენდის დაფარვა არაკონსტიტუციური ამაზე ალბათ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს",- ტაბულას პასუხობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო თამბაქოს კონტროლის კანონი, მას ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროება.

თამბაქოს კონტროლის კანონპროექტი თამბაქოს მწარმოებლებსა და რეალიზატორებს მთელ რიგ ახალ რეგულაციებს უწესებს. რეგულაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვის შემოღებაა.

ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. ცვლილებას სტანდარტული შეფუთვა ეწოდება და მას ბიზნესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბიზნესის შეფასებით ცვლილება არაკონსტიტუციურია.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად არის სწორი ნაბიჯი. იქნება ეს აქციზის ზრდა, შეფუთვა, რეკლამა თუ სხვა". 

მომავალი წლიდან მოწევა დახურულ სივრცეებშიც აიკრძალება. ასევე დაუშვებელი ხდება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც. სავაჭრო ობიექტებში კი თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა შეიზღუდება. 

ტაბულასთან საუბარში საქართველოში მოქმედი თამბაქოს საერთაშორისო ბრენდების JTI-ს და Philip Morris-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ცვლილებით მათ კონსტიტუციით აღიარებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება ჩამოერთმევათ, რის შედეგადაც თამბაქოს ბაზარზე კონკურენცია საერთოდ გაქრება. 

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება სავაჭრო პალატამაც გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, თამბაქოს სტანდარტული პაკეტების დანერგვა ქვეყანაში კონტრაბანდის რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც ყველა ბრენდის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება და არცერთი სიგარეტის ღერზე არანაირი წარწერა არ იქნება დატანილი კონტრაბანდის იდენტიფიცირება გართულდება. კონტრაბანდის ზრდის შემთხვევაში ბიუჯეტმა პოტენციურად მილიონობით ლარი შეიძლება დაკარგოს, რადგანაც თამბაქოს ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი გადამხდელია, მასზე ბიუჯეტის შემოსავლების 8% მოდის.

კომენტარები