კორუფციული სქემა

თარგამაძე ფარცხალაძის, ჩხარტიშვილის და მამაცაშვილის კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე ქართულ პორტებთან და ნავთობის შემოტანასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

თარგამაძის ინფორმაციით, ამ სქემის მთვარი მონაწილე პირები ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან.

სქემაზე, რომლის გამო, თარგამაძის მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობამ მრავალი მილიონი ლარი დაკარგა, მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

თარგამაძის თქმით, ბათუმის პორტი სასამართლოს მეშვეობით - ჯარიმებითა და ყადაღებით -ხელოვნურად გააკოტრეს. ოთარ ფარცხალაძის ფუქცია სასამართლოებში სწორედ ამ საქმის დარეგულირებაში მდგომარეობდა.

„თუ გადავხედავთ სასამართლოს საქმეებს ვნახავთ, რომ ყადაღდება ყველაფერი, გარდა ბათუმის ტერმინალისა - ბათუმის მცირე პორტისა“ - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

მისი თქმით, ბათუმის მცირე პორტის სამართავად ჩამოყალიბდა ფირმა ვაიბრო კონსალტინგი, რომლის ხელმძღვანელადაც საქართველოს ლუკოილის ხელმძღვანელის შვილი ოთარ ქათამაძე დაინიშნა. ამავე პერიოდში  ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ლუკოილის ვიცეპრეზიდენტი გახდა, რასაც, თარგამაძის ინფორმაციითვე, ლუკოილის ხელმძღვანელთან ალექ პეროვთან ბიძინა ივანიშვილის ზარი დასჭირდა.

ვაიბერ კონსალტინგმა ტვირთების შემოტანის მარჟა ხელოვნურად 25%-ით დასწია. ამასთან, ბათუმის მცირე პორტში გადმოვიდა ფოთის პორტის ყველაზე მსხვილი კლიენტი - საქართველოს ლუკოილი, ფოთს კი მხოლოდ მცირე ტვირთები დარჩა.

„რეალურად საქართველოს ლუკოილი და მისი შვილობილი ორი ფირმა გახდა საქართველოში ნავთობის და ნავთობმასალების შემოტანის მონოპოლისტი“ - ამბობს თარგამაძე.

ამავე ინფორმაციით, მართული სასამართლოების მეშვეობით, სქემის იდეის ავტორის ვანო ჩხარტიშვილის „პროტეჟემ“ ბათუმის დიდი პორტის ყაზახი ეროვნების დირექტორი ჩაანაცვლა და „ხელი შეუწყო მის გაბანკროტებას“.

თარგამაძის თქმითვე, სქემის დასკვნითი ეტაპი იყო ვაიბრო კონსალტინგის გადაცემა საქართველოს რკინიზგისთვის, რომელსაც, უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს.

სქემის ერთერთი მთავარი დანიშნულება ბათუმის პორტში, ვანო ჩხარტიშვილის მიერ გაჭრილი არხით, თურქმენეთის ნავთობის შემოტანა უნდა ყოფილიყო. თუმცა, თარგამაძის ინფორმაციით, ფარცხალაძემ სქემიდან ჩხარტიშვილის ამოგდება სცადა, მაგრამ ჩხარტიშვილი აზერბაიჯანელებს მოელაპარაკა და ნავთობი აზებაიჯანულ მილში გაუშვა.  

„გამოვიდა, რომ მათ მიერ შექმნილი მცირე პორტიც დარჩა დაუტვირთავი. ნავთობი წავიდა მილით და   საქართველოს მოსახლეობამ პრაქტკულად მილიარდები დაკარგა“ - ამბობს თარგამაძე.

ამასთან, მისივე თქმით, ყაზახური მხარის განაწყენების გამო, ყაზახეთმა უარი თქვა პარტნიორობის ფონდში მილიარდიან ინვესტიციაზე.

კომენტარები