აშშ-რუსეთის ურთიერთობა

The Washington Post: ტრამპმა რუსეთს დაზვერვის საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა

AP

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრისას სრულიად საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა.

გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ "ტრამპის მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას აწვდის". 

The Washington Post-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ახალი საფრთხეების დეტალებზე დაიწყო საუბარი, რომელიც თვითმფრინავებში ლეპტოპების გამოყენებას უკავშირდება. 

"მე შესანიშნავ სადაზვერვო ინფორმაციას ვიღებ. მყავს ხალხი, ვინც ყოველდღიურად სრულყოფილ სადაზვერვო ინფორმაციას მაწვდის", - თქვა ტრამპმა შეხვედრის დროს (წყაროს ინფორმაციით).

The Washington Post-ის წყაროს ცნობით, ტრამპმა რუსეთის ელჩს იმაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდა, ვიდრე აშშ საკუთარ მოკავშირე ქვეყნებს აწვდის. რუსეთთან გაზიარებული ინფორმაცია აშშ-მა მოკავშირე ქვეყნისგან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის მეშვეობით მიიღო და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენდა. წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც აშშ-ს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, ტრამპისთვის უფლება არ მიუცია, რომ ეს ინფორმაცია რუსეთისთვის გაეზიარებინა.

თავისმხირვ თეთრი სახლი The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა აღნიშნა, რომ The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ისტორია, როგორც სრული სიცრუეა. მაკმასტერი ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას ესწრებოდა.

"პრეზიდენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთო საფრთხეები განიხილეს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციებისგან მოდის. პრეზიდენტს არ განუხილავს დაზვერვის წყაროები ან მეთოდები და არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ", - თქვა მაკმასტერმა.

კომენტარები