თამბაქო

თამბაქოს კონტროლის კანონის ძალაში შესვლას ბაზრიდან რიგი ბრენდების გაქრობა მოჰყვება

Reuters

პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბაზრიდან მაღალი ალბათობით სიგარეტის რამდენიმე ბრენდი გაქრება.

კანონპროექტი (PDF დოკუმენტი) თამბაქოს მწარმოებლებს უკრძალავს პროდუქტის სახელდებაში ისეთი სიტყვების გამოყენებას როგორიცაა: მენთოლი, მსუბუქი, ლაითი, რბილი, ექსტრა და სხვა. შესაბამისად მწარმოებლები დაკარგავენ შესაძლებლობას, რომ აღნიშნული სიტყვები ბრენდების დასახელებაში გამოიყენონ. 

ამასთანავე, რაც ბიზნესისთვის კიდევ უფრო რთული მისაღებია, მეორე მოსმენისთვის წარდგენილ კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი ქვეყანაში თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დაწესების შესახებ:

"შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და ა.შ.) და თითოეულ ღერზე აკრძალულია ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი სხვა აღმნიშვნელი ელემენტის გამოყენება" - წერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტში.

ამ ცვლილების შედეგად, კომპანიები ვეღარ განათავსებენ ბრენდულ ნიშნებს, ვერც სიგარეტის შეფუთვაზე და ვერც სიგარეტის ღერებზე. შესაბამისად მომხმარებლებს იმის გარკვევა თუ რა ბრენდის სიგარეტს ეწევიან მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რადგანაც ყველა კოლოფი და ყველა ღერი ერთნაირი იქნება. პროდუქტის დასახელება კი სავარაუდოდ მხოლოდ სავაჭრო ობიექტის დახლზე იქნება მითითებული. 

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ნიმუში ასეთია, მასზე არავითარი ბრენდული ნიშანი არ იძებნება:


ფოტო: pinterest.com

შესაბამისად, თუ მწარმოებლები ვერც დასახელებაში გამოიყენებენ სიტყვებს მენთოლი, ლაითი და სხვა და ვერც ვერანაირი ბრენდული ნიშნით, შეფუთვის ფერით, შეფუთვის ფორმით ვერ მიანიშნებენ ამ ბრენდების არსებობას, რადგანაც ყველა შეფუთვა ერთნაირი იქნება ამას კი პრაქტიკულად ბაზრიდან ამ ბრენდების გაქრობა მოჰყვება. 

ბიზნესი ქვეყანაში თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ტაბულასთან საუბარში თამბაქოს საერთაშორისო კომპანიის, JTI-ის კორპორატიულ საქმეთა ხელმძღვანელმა ივანე ხასიამ ცვლილებას ანტიკონსტიტუციური უწოდა. 

ივანე ხასიას თქმით, კანონპროექტის განახლებულ ვარიანტში ამ ჩანაწერის გაჩენა მოულოდნელი სიახლე იყო და მასთან დაკავშირებით ბიზნესთან არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა. ხასიას თქმით, საქართველოს თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის დანერგვას არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ავალდებულებს და მისი ამოქმედებით კომპანიები კარგავენ მათ ყველაზე ფასეულ აქტივს - ბრენდს, ამას კი ბაზარზე კონკურენციის გაქრობა მოჰყვება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ და ორგანიზაცია ორგანიზაციამ ბიზნესი კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მათი შეფასებით, ცვლილება ინტელექტუალური საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასია და ის ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს მოხმარებას გაზრდის. 

ბიზნესის განცხადება სიგარეტის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტში თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის დამატებასთან დაკავშირებით, ჩაატაროს საჯარო კონსულტაცია და ზემოქმედების შეფასების კვლევა, რათა გათვალისწინებული იყოს პერსპექტივების ფართო სპექტრი, მონაცემები და კვლევები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა გამოიწვევს არაერთ გაუთვალიწინებელ შედეგს, რაც არ ჩამოუვარდება იმ ნეგატიურ გავლენას, რასაც ეს ცვლილება იქონიებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, საგადასახადო შემოსავლების, უკანონო ვაჭრობის, ფულის გათეთრების და ფინანსური დანაშაულებების მიმართულებით.

ცვლილების ეფექტები:

  1. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება ბრენდის მფლობელებისთვის კანონიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლების ჩამორთმევის ტოლფასია;
  2. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება გამოიწვევს თამბაქოს ბაზარზე უკანონო ვაჭრობის ზრდას, რადგან სტანდარტული შეფუთვის დიზაინის გაყალბება ბევრად მარტივია, ვიდრე არსებული დიზაინისა.
  3. სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღება გაართულებს ორიგინალური და გაყალბებული თამბაქოს პროდუქტების გარჩევას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე აღმასარულებელი ორგანოებისთვის, რომლებიც ისედაც საკმარის წინააღმდეგობას ხვდებიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისას.
  4. უკანონო ბაზრის ზრდა უარყოფით გავლენას იქონიებს საგადასახადო შემოსავლებზე, რადგან თანხების გადინება მოხდება თამბაქოს უკანონო ბაზარზე ჩართული მიმწოდებელი კრიმინალური დაჯგუფებებისკენ.
  5. სტანდარტიზებული შეფუთვა გამორიცხავს საფირმო ნიშნებისა და ბრენდირების განთავსებას. ამით მომხმარებლებს ხელიდან ვაცლით პროდუქტის მწარმოებლისა და ხარისხის შემოწმების და, შესაბამისად, დასაბუთებული არჩევანის გაკეთების კრიტიკულად მნიშვნელოვან მექანიზმს.
  6. სტანდარტიზებული შეფუთვა შესაბამისობაში არ მოდის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დასაცავად მიღებულ ქართულ და საერთაშორისო კანონებთან.

კომენტარები