რუსეთი-ამერიკა

ლავროვი: არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბარი აზიანებს აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა.

ლავროვის თქმით, შეხვედრებისას რუსეთისა და ამერიკის ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სირიის, უკრაინის, ავღანეთისა და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტები.

ლავროვის თქმით, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისში ჰამბურგში, G20-ის სამიტზე შეხვდებიან.

ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოსაზრებით, ამერიკელი ხალხისთვის დამამცირებელია იმის მოსმენა, რომ რუსეთი ამერიკის პოლიტიკას აკონტროლებს.

ლავროვის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე ამ "აბსურდულ ბრალდებაზე" არ უსაუბრია.

რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით, ის, რომ პოლიტიკოსები ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობენ, აზიანებს აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას, რადგან მიუთითებს, რომ ის გარედან კონტროლდება.

ლავროვმა ასევე უარყო ინფორმაცია დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის დახმარების შესახებ. მისი თქმით, არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია.

"ერთი ფაქტიც კი არ არსებობს, რაც ბრალდებებს დაადასტურებს. ვიცით ტრამპის პოზიცია და მათიც, ვინც პირიქით ფიქრობს", - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

სერგეი ლავროვს ასევე ჰკითხეს, შეხვედრებზე თუ ისაუბრეს ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი არ განიხილავს ასეთ საკითხებს უცხოელ პარტნიორებთან.

"ობამას გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო", - ასე შეაფასა ლავროვმა ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დაწესებული სანქციები აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, რა დროსაც 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოსკოვს უკეთესი ურთიერთობა ექნება.

სირია

სერგეი ლავროვის თქმით, შეხვედრებზე ამერიკული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო საკითხები ერთობლივად მოაგვარონ. მინისტრისვე თქმით, განიხილეს რუსეთის გეგმა სირიაში უსაფრთხო ზონების შექმნასთან დაკავშირებით.

"ტრამპთან შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სირიაშია გასაკეთებელი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა", - თქვა ლავროვმა.

კომენტარები