ოკუპაცია

ჯაში: იმედი გვაქვს, რომ ლუჟკოვი დატოვებს საქართველოს მაქსიმალურად დროულად

მარიამ ჯაში
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტით ოკუპაციის კანონი დაირღვა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჯაში იმედოვნებს, რომ ლუჟკოვი საქართველს "მაქსიმალურად დროულად" დატოვებს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოკუპაციის შესახებ კანონი დაირღვა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ვფიქრობ, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს შესაბამის განცხადებას. იმედი გვაქვს, რომ ის დატოვებს საქართველოს მაქსიმალურად დროულად, რადგან მის მიერ გაკეთებული განცხადებები ნამდვილად არ იყო პოზიტიური საქართველოსთვის, პირიქით, შეიცავდა გარკვეულ განცხადებებს, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს დეოკუპაციის და შერიგების პროცესს", - თქვა ჯაშმა.

როგორც ცნობილია, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის ნამყოფი, რითიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია. კანონის თანახმად, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

გუშინ შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა თქვა, რომ ლუჟკოვი ქვეყანაში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ ჰქონდა.

თავის მხრივ, იური ლუჟკოვმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, თქვა, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის ჩამოშორების შემდეგ მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.

კომენტარები