გარევაჭრობა

გარევაჭრობის კონსტრუქციები ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდანაც გაიტანეს

თბილისის მერია

გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას თბილისის მერია ავრცელებს.

"უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.


ფოტო: თბილისის მერია

"თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან დაცლილი ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მთლიანად მოირეცხა მეველის ქუჩა, ტროტუარები და ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება აღნიშნული ტერიტორია, რაც გარევაჭრობის გამო აქამდე ვერ კეთდებოდა" - აღნიშნავს თბილისის მერია.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, თბილისის მერიამ გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები მეტრო მარჯანიშვილის, ვარკეთილის, ახმეტელის, კოლმეურნეობის მოედანის, ბარათაშვილის და დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანა.

კომენტარები