ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტი: ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აძლიერებს არაღიარების პოლიტიკას

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას აფასებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

"ამ კანონით შეერთებული შტატები იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ერთიანობას და განსაკუთრებულ სიძლიერეს ჰმატებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. აშშ - ის კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის. მსურს ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ფინანსურად მხარი დაუჭიროს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

დოკუმენტი ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და სენატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა.

კომენტარები