სასამართლო სისტემა

კახიძე: მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, ინიციატივას ვაყენებთ

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის გამოსაცდელი ვადის გარეშე მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით, ფრაქცია ევროპული საქართველო საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ოთარ კახიძის თქმით, საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.

„ჩვენ ვაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივას - როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილია 3 თვე, მათ აღარ უნდა შეეძლოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან ეს გამოიყენება, სამწუხაროდ, სასამართლოს ავტორიტეტის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული პირების უვადოდ დასანიშნად სასამართლო სისტემაში, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი “ - განაცხადა კახიძემ და აღნიშნა, რომ მათ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზად აქვთ.

"ტექნიკურად, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მისი რეგისტრაცია ტექნიკურად ვერ მოხერხდება, მაგრამ მომდევნო ბიუროსთვის, დაჩქარებული წესით მოვითხოვთ მის განხილვას" - თქვა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა.

ბოლო დღეებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს განხილვები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე. როგორც საბჭოს სხდომებიდან არის ცნობილი, საბჭოს წევრების სრული უმრავლესობა, გარდა ერთი წევრისა, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ გამწესებას.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე კენჭისყრა გადაიდო.

კომენტარები