თავდასხმა გელა ხვედელიძეზე

ხვედელიძე: ჩემს მეგობრებთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, ჩემთან ურთიერთობა შეეწყვიტათ

geotimes.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, უკავშირებს.

ხვედელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში", თქვა, რომ გოგაშვილის მიერ მისით დაინტერესება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც პირადი ინტერესით, ასევე, სახელმწიფოს დავალებით. ხვედელიძე თვლის, რომ მოტივი თავად გოგაშვილთან უნდა გაარკვიონ. 

"ძალიან ბევრ ჩემს მეგობართან, ნაცნობთან მიდიოდნენ და ეუბნებობდნენ, რომ ჩემთან ურთიერთობა შეეწყვიტათ. ეს მომენტები მაფიქრებინებს და მალაპარაკებს ამას ყველაფერს და ის, თუ ჩემში რა საშიშროებას ხედავენ, ეს მათთვის დასასმელი კითხვებია,"- ამბობს გელა ხვედელიძე.

გელა ხვედელიძის თქმით, ის ბევრ ინფორმაციას ფლობს, თუმცა სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას არავის გადასცემს. 

"მე ყოველთვის გამოვდივარ სახელმწიფოდან და სახელმწიფო ინტერესებიდან. მე არასოდეს, ჩემი ცხოვრების მანძილზე და იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, არ მქონია მომენტი, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია არაკანონიერად გამომეყენებინა,"- ამბობს ხვედელიძე. 

გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. თავად ხვედელიძე ბრალს დღემდე არ აღიარებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვინ იდგა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გასაჯაროვების უკან, ხვედელიძემ თქვა, რომ მას ამის შესახებ საუბარი არ შეუძლია. მისი თქმით, თუკი საქმეს გრიფით საიდუმლო მოეხსნება, ის ამ თემაზე ისაუბრებს. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები