თავდასხმა გელა ხვედელიძეზე

ხვედელიძე: წლებია, სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი მითვალთვალებს

geotimes.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს სუს-ის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს უკავშირებს. ხვედელიძე რუსთავი ორის გადაცემა P.S-თან საუბარში ამბობს, რომ ის მმართველი გუნდის მტრად სწორედ სოსო გოგაშვილმა გამოაცხადა. კითხვაზე, არსებობს თუ არა სხვა ვინმე, ვისაც შეიძლება ჰქონოდა მასზე თავდასხმის ინტერესი, ხვედელიძე პასუხობს, რომ "არა".

"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობ. ამდაგვარი ღონისძიებები შეიძლება კიდევ გააკეთონ სხვადასხვა პიროვნებებზე, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ და ხელს უშლიან ვიღაც-ვიღაცებს" - ამბობს ხვედელიძე.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმითვე, ის სულ თვალთვალის ობიექტია.

"ყოველთვის ინტერესის სფეროში ვარ, ყველამ ძალიან კარგად იცის ეს და მათ შორის, გოგაშვილმაც ძალიან კარგად იცის. ძირითადად ეგ ახორციელებდა წლების განმავლობაში ჩემთან მიმართებით გარკვეულ ოპერატიულ ღონისძიებებს - თვალთვალის კუთხით, სად მივდიოდი, ვის ველაპარაკებოდი, რას ველაპარაკებოდი" - ამბობს ხვედელიძე.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ბრალდებებს თავად სოსო გოგაშვილი "სასაცილოს" უწოდებს და რუსთავი ორის კითხვებს არ პასუხობს. 

გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები