გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

ჩერგოლეიშვილი: კრიტიკოსების გაჩუმებით სასამართლოში პრობლემები ვერ მოგვარდება

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მოსაზრებით, ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება აგვარებდეს საკუთარ პრობლემებს, ამის გაკეთებას კრიტიკოსების გაჩუმებით ცდილობს. ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრობს იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებით გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტები უნდა დაწესდეს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით მიადგა.

"სასამართლო ხელისუფლებას დიდი შეურაცხყოფა რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიადგა - როდესაც სამი ინსტანციის მიერ განხილული და მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერა ისე, რომ არც კი განიხილა, ზედაპირულად გადახედა, მიხვდა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნიდა ქვეყანაში დემოკრატიას. ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს

სიტყვა "მანქურთს" საერთოდ არ ვიყენებ, მაგრამ რომ გადაწყვიტონ მსგავსი შეზღუდვის მიღება, ყოველ დილას დავიწყებ მათთვის "მანქურთების" ძახილით იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამ გზით ისინი კრიტიკისგან თავს ვერ დაიცავენ", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ტაბულას დირექტორისვე მოსაზრებით, საჯარო პირად ყოფნა პრივილეგიის გარდა ტვირთია.

"შეიძლება, გახდე უსამართლო კრიტიკის, ცილისწამების მსხვერპლიც კი, მაგრამ საჯარო პირობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ თმენის ვალდებულება გაქვს და ეს უნდა აიტანო. სიცხეს თუ ვერ ეგუები, ქურასთან არ უნდა დაჯდე", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლის, მერაბ ტურავასა და უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის 2003 წლის ინიციატივას, რომლებიც გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტების დაკავებას მოითხოვდნენ. ვიდეომასამალაში ნაჩვენები იყო, როგორ სძალავენ მოქალაქეს ფულს მოსამართლეები.

"ამ დინოზავრებს, როგორიცაა ნინო გვენეტაძე, იგივე მინდია უგრეხელიძე თავის დროზე, მერაბ ტურავა, ადრეც ჰქონდათ ინიციატივა - ჟურნალისტები კორუფციაში ამხელდნენ მოსამართლეებს, ჩანაწერები არსებობდა, ესენი კი ჟურნალისტების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ.

ამიტომ, უცხო არ არის ჩემთვის, რასაც ამბობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ქვეყანა ნაცვლად იმისა, რომ წინ მიდიოდეს, მიდის 90-იანი წლებისკენ. ეს ინიციატივა მხოლოდ ამას ადასტურებს", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები