იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ქარტია იუსტიციის საბჭოს მიერ მითითებული გამონათქვამების განხილვას არ აპირებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი გამონათქვამების განხილვას არ აპირებს. ამის შესახებ ტაბულას ქარტიის იურისტმა დავით კლდიაშვილმა განუცხადა. კლდიაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული განცხადება არ არის საფუძველი, რომ მისთვის თანდართული გამონათქვამები განიხილონ. გააკეთებს თუ არა ქარტია საპასუხო განცხადებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ქარტიის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, რომელიც დღეს გაიმართება.

„როგორც იცით, ქარტიის საბჭო განიხილავს ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური ეთიკის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, მაგრამ ეს განცხადება არ არის საფუძველი, რომ მსგავსი სახით განვიხილოთ. ჩვენ დადგენილი გვაქვს კონკრეტული ფორმა, წინაპირობები იმისათვის, რომ განხილული იქნას სავარაუდო ეთიკური პრინციპის დარღვევის ფაქტი. ამასთანავე, აუცილებელია ეს ეხებოდეს ჟურნალისტურ პროდუქტს. როდესაც ჟურნალისტი  საუბრობს, თუნდაც კომენტარის სახით, ან ფეისბუქზე პოსტს წერს - ეს ჟურნალისტური პროდუქტი არ არის. რაც შეეხება ზოგად რეაგირებას, გააკეთებს თუ არა საპასუხო განცხადებას  ქარტიის საბჭო, ეს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სტანდარტული საქმის წარმოებით გათვალისწინებული პროცედურები ამ განცხადებას არ მოყვება. განცხადებისთვის თანდართულ გამოთქმებს საერთოდ არ განვიხილავთ.“ - ამბობს კლდიაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, "რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს". ამის შესახებ განცხადება საბჭომ დღეს გაავრცელა. განცხადებას თან ახლავს მედიაში გავრცელებული გამოთქმები მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის შესახებ. საბჭო საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სთხოვს, განიხილოს თანდართული განცხადებები და შეაფასოს ქარტიის პრინციპებთან მათი შესაბამისობა.

კომენტარები