საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მარინ ლე პენის მრჩეველი სიძულვილის ენის გამოყენების გამო სასამართლომ დააჯარიმა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის მრჩეველი ისლამის მიმდევართა წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენების გამო სასამართლომ დააჯარიმა. 

ქალაქ ბეზიეს მერი, რობერტ მენარს სასამართლომ €2000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე მენარის იმ განცხადებას ეხება, რომელშიც ის მის ქალაქში მუსლიმი სკოლის მოსწავლეების დიდ რაოდენობას აკრიტიკებს და მას ქალაქისთვის დიდ პრობლემად მოიხსენიებს.

"ჩემი ქალაქის ცენტრში, სკოლაში რომ შეხვიდეთ, ნახავთ რომ კლასში მოსწავლეთა 91% ისლამის მიმდევარია, ცხადია ეს პრობლემას წარმოადგენს", - თქვა ლე პენის პოლიტიკურმა მრჩეველმა რობერტ მენარმა.

თავად მარინ ლე პენმა კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, პარტია ეროვნული ფრონტის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

"დღეს გადავწყვიტე დავტოვო პარტია ეროვნული ფრონტის პრეზიდენტის თანამდებობა. დავდგები პარტიულ ინტერესებზე მაღლა", - განაცხადა ლე პენმა.

მარინ ლეპენმა ეროვნული ფრონტის ლიდერის თანამდებობა 2011 წლის იანვარში მამამისისგან, ჟან-მარი ლე პენისგან გადაიბარა და პარტიას რეგიონულ არჩევნებში სერიოზული წარმატებები მოუტანა.

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაახლოებით 7.6 მილიონი ხმა მიიღო, რაც მისი პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ლე პენის მთავარი მიზნები, იმიგრაციის შეჩერება, თავისუფალი ბაზრის მაქსიმალურად შეზღუდვა და საფრანგეთისა და ევროპის ურთიერთობის ძირეული სახეცვლილება იყო.

7 მაისს ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ტურის სავარაუდო ფავორიტად ითვლება. ცენტრისტი მაკრონის პარტია En Marche! ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. გამარჯვების შემთვევაში ის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.

კომენტარები