საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ევროპელმა ლიდერებმა მაკრონს პირველ ტურში გამარჯვება მიულოცეს

AFP

ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მაკრონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ოლანდის თქმით, ის მეორე ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მისცემს.

მაკრონს გამარჯვება მიულოცა და მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმაც, რომელმაც პირველ ტურში ხმების 19.9 % მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. ფიიონმა საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებას ექსტრემიზმი უახლოვდება [ულტრა-მემარჯვენე ლე პენი] თავის შეკავება უადგილოა და მხარდაჭერა მაკრონს გამოუცხადა. ფიიონის თქმით, მას თავისუფალ ქვეყანაში სურს ცხოვრება.

მათ გარდა, მაკრონს გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ. მათ მაკრონს მეორე ტურში წარმატება უსურვეს.

ევროპელი ლიდერებიდან მაკრონს გამარჯვება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მაკრონი მეორე ტურშიც გაიმარჯვებს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები