კრიმინალი

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. სასამართლომ კი, მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი.ხ-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, ორი პირის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის მიმართ. ასევე, დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობა და ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით. 

"ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 30-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი 21 ტომად წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა, რომელზეც გიორგი.ხ.-ს და მოკლული დედა-შვილის დნმ აღმოჩნდა, ასევე ნონა რომანიძის საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებულმა გიორგი.ხ.-მ ფონიჭალაში მისსავე საცხოვრებელ ბინაში ნონა რომანიძეს და მის სამი წლის შვილს მარიამ მამფორიას დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ ოჯახის კუთვნილ ოქროს ნივთებს დაეუფლა, კვალის განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გიორგი.ხ. 2016 წლის 26 ივლისს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ დედა-შვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში მსჯავრდებული წარსულში ამნისტირებულია. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. 2006 წელს დააკავეს, თუმცა, მას ამნისტია შეეხო და საპატიმრო 2013 წელს დატოვა.

კომენტარები