საკონსტიტუციო კომისია

ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ პარტიების წევრებმა, ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ ისაუბრეს.

"ევროპული საქართველო ბოლო მომენტამდე ცდილობდა, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის დროს მიგვეღო ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემდა, მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეეცვალა ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც დღეს ამ ქვეყნის განვითარების და ჩვენი მოსახლეობისთვის ცხოვრების გართულების ერთადერთ ძირითად ფაქტორად იქცა. ამის ნაცვლად, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ნაცვლად დემოკრატიული, სამართლიანი საარჩევნო სისტემისა, კვლავ ცდილობს, სისტემა მორგებული იყოს სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე და ისე, რომ მას არ ჰქონდეს რეალურად ამომრჩევლის მხარდაჭერა, ხელოვნურად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ხელოვნურად შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება ისე, რომ შესაბამისი მანდატი ამომრჩევლისგან მას არ ჰქონდეს.

ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს მოსახლეობას ერთმევა შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი - მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კარგად გამოჩნდა რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება, იყოს ქვეყნის სწორად განვითარების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის. ამ ყველაფრის გათავლისწინებით, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავეცანით საბოლოო დოკუმენტს, აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში არანაირი აზრი ქართულ ოცნებასთან პირისპირ საუბარს და ქვეყანაში დემოკრატიული კონსტიტუციური პრინციპების დამკვიდრების მცდელობას არ აქვს. ჩვენ ვტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას და შემდგომ ერთობლივი კონსულტაციების გზით დავსახავთ გეგმებს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გააჩინოს ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და ამის განცდა არ დაუკარგოს ქართველ ამომრჩეველს", - თქვა აბესაძემ.

საკონსტიტუციო კომისია ასევე დატოვებული აქვთ პარტიებს - სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი, აგრეთვე საკოორდინაციო საბჭოში შემავალ პარტიებს.

კომენტარები