საკონსტიტუციო კომისია

ნანუაშვილი: არ აქვთ არგუმენტი, რატომ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ომბუდსმენის არჩევა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ნანუაშვილის თქმით, მან ვერ მოისმინა საკონსტიტუციო კომისიის წევრებისგან არგუმენტი, რატომ უნდა აირჩეს ომბუდსმენი მხოლოდ ერთი ვადით.

„მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ამ საკითხზე კონსენსუსი არ ყოფილა. 

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ სახალხო დამცველს ამ თანამდებობის დასაკავებლად ერთზე მეტი შანსი არ ჰქონდეს.

"ვინაიდან, ვადის ბოლოს, ყოველთვის გაჩნდება ეჭვი, რომ ის ხელმეორე არჩევის უფლების მოსაპოვებლად, ლოიალური იქნება იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, ვისაც ხელეწიფება მისი არჩევა" - ამბობს მენაბდე.

ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტს საკონსტიტუციო კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებულ დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და "საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის" საქართველოს მოქალაქეებს წარუდგენენ. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისია დატოვეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" და დემოკრატიულმა მოძრაობამ. ევროპული საქართველო კი, კომისიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს. 

კომენტარები