საკონსტიტუციო კომისია

ტუღუში: ხელისუფლება ცდილობს, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა

გიორგი ტუღუში

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს. მანამდე კი, კომისიის წევრებთან კონსულტაციები ექნება. ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი ტუღუშმა ისაუბრა.

"ამ ეტაპზე, როგორც არის წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ევროპული საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ისეთი ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც მოიაზრება როგორც დემოკრატიის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი. მე უშუალოდ ვგულისხმობ წარმოდგენილ ვარიანტში ასახულ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას და მათ შორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას, სადაც მანდატები ნაწილდება იმგვარი წესით, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება ყველა გაუნაწილებელი მანდატი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები კომისიის წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და, სავარაუდოდ, ხვალ დავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას. თუ მმართველი ძალა კონსტიტუციაში აკეთებს ჩანაწერს, რომლითაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს რეფორმა სწორედ წამოწყებულია იმისთვის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდით ეცადოს, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად დაუშვებელი", - თქვა ტუღუშმა.

კომენტარები