თურქეთი

ერდოღანი მოსახლეობას გამარჯვებას ულოცავს, ოპოზიცია კი ხმათა 60%-ის გადათვლას ითხოვს

Reuters

თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Aandou-ის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ხმათა 99.5% დათვლილია, აქედან 51.49% ერდოღანის ინიციატივას მხარს უჭერს, 48.51% კი ეწინააღმდეგება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეფერენდუმზე მისი ინიცირებული ცვლილებების გამარჯვება მოსახლეობას უკვე მიულოცა. 

ოპოზიცია აღნიშნულ მონაცემებს არ ეთანხმება. თურქეთის რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, არჩევნებზე 1.5 მილიონზე მეტი უბეჭდო ბიულეტენის ხმა საარჩევნო კომისიამ დასაშვებად ცნო. პარტია ხმათა 60%-ის ხელახალ გადათვლას ითხოვს. სტამბოლსა და სხვა ქალაქებში კი ერდოღანის პარტიის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ.

ამავდროულად რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით გაურკვევლობაა, რადგანაც საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მონაცემები აცდენაშია. საუბარია დათვლილი ბიულეტენების რაოდენობაზე, Aandou-ს ინფორმაციით დათვლილია ხმათა 99%, საარჩევნო კომისიის ცნობით კი ხმების 70%-ია დათვლილი.

საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას. რეფერენდუმში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელოსუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებაც მიეცემა.

არსებული მდგომარეობით, ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში ხმათა 50.22%-ით არა ლიდერობს, ცვლილებებს კი მხარს 49.78% უჭერს.

დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.

რეფერენდუმმა ქვეყანაში ასრებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჩაიარა.

კომენტარები