თურქეთი

თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა, რეფერენდუმზე 51%-მა ცვლილებას ხმა მისცა

Getty Images

თურქეთის ისტორიული რეფერენდუმის შედეგები თითქმის 100%-ით დათვლილია, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უჭერს მხარს. სახელმწიფო მედიის Aandou-ის ინფორმაციით, ხმათა 99.5% დათვლილია, აქედან 51.49% ცვლილებებს მხარს უჭერს, 48.51% კი ეწინააღმდეგება. სავარაუდოდ რეფერენდუმი სწორედ ამ შედეგით დასრულდება. რეფერენდუმმა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჩაიარა.

საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას. რეფერენდუმში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელოსუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ასევე ქვეყნის პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებაც მიეცემა.

არსებული მდგომარეობით, ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში ხმათა 50.22%-ით არა ლიდერობს, ცვლილებებს კი მხარს 49.78% უჭერს.

დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.

კომენტარები