სირია

ბაშარ ალ-ასადის მეუღლემ შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს

ბაშარ ალ-ასადი და ასმა ალ-ასადი
ფოტო: Reuters

სირიის პირველმა ლედიმ, ასმა ალ-ასადმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს. ამის მიზეზი კი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და მისი პოლიტიკის სასარგებლოდ პროპაგანდაა.

ასმა ალ-ასადი საკუთარი ოფიციალური Facebook-ის გვერდითა და სხვა სოციალური ქსელებით პროპაგანდისტულ მესიჯებს ავრცელებს, რაც ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკას ამართლებს.

ასადის მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნით, ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა შესაბამის უწყებებს მიმართა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ნადიმ ზაჰავი Telegraph-თან ამბობს, რომ ბრიტანეთმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ზეგავლენა მოახდინოს სირიის მმართველ ელიტაზე. "ქალბატონი ასადი ღია პროპაგანდით მხარს უჭერს, ბაშარ ალ-ასადის სამხედრო რეჟიმს, რომელმაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულები", - ამბობს დეპუტატი.

უკანასკნელი სამხედრო დანაშაული, რაც სირიის მთავრობამ ჩაიდინა ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენება იყო, რასაც 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს მომხდართან მის კავშირს, თუმცა აშშ-მა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით 7 აპრილს დაბომბა ის საავიაციო ბაზა, რომლიდანაც სირიის სამთავრობო ძალებმა ქიმიური შეტევა განახორციელეს. 

ყოფილი ფინანსისტი სირიის პრეზიდენტზე 2000 წელს დაქორწინდა. ბაშარ ალ-ასადი სირიას უკვე მეჩვიდმეტე წელია მართავს. იქამდე ქვეყანას 1971-2000 წლებში მამამისი, ჰაფეზ ალ-ასადი მართავდა. 

კომენტარები