თამბაქო

მთავრობა შენობებში მოწევის ამკრძალავ კანონპროექტს რიგი მიმართულებით აკრიტიკებს

pbs

"ამგვარი აკრძალვა შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს", - წერია მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილ დასკვნაში, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემზღუდავ საკანონმდებლო პაკეტს ეხება. პარლამენტმა აღნიშნული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო და ის თამბაქოს ბიზნესსა და მის მომხმარებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს.

გუგული მაღრაძის კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს გამყიდველთათვის და მომხმარებელთათვის აკრძალვები ასე გამოიყურება:

  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.
  • პროექტით 30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილების ფართობი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე.
  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.
  • იკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის რეალიზაცია საქართველოში
  • იკრძალება შენობებში მოწევა
  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გათამაშების, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება.
  • იკრძალება თანხის გადახდა, ჯილდო ან სხვაგვარი წვლილის შეტანა საცალო მოვაჭრის საქმიანობაში, რომელიც გამიზნულია მათი მოტივირებისთვის გაყიდონ მეტი თამბაქოს ნაწარმი.

მთავრობის შეფასებით, აღნიშნული მასშტაბის რეგულაციები თამბაქოს ბიზნესზე მკვეთრად ნეგატიურად შეიძლება აისახოს. მთავრობის რეკომენდაციით, მსგავსი ტიპის კანონპროექტის შემუშავების პროცესში ბიზნესის პოზიციაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავრობას შენიშვნები იმ ნორმასთანაც აქვს, რომელიც შენობებში მოწევას კრძალავს. 

"კანონპროექტში არსბეული ჩანაწერი იძლევა ფართო განმარტების საშუალებას, რადგანაც შენობა-ნაგებობა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი სახის დაწესებულებას, ასევე აივნებსა და ღია ტერასებს. ასევე სხვა პუნქტებს, სადაც ასეთი შეზღუდვის დაწესება მიზანშეწონილი არაა", - წერია მთავრობის დასკვნაში.

”ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს”, წერია მთავრობის დასკვნაში. 

კომენტარები