საზოგადოებრივი მაუწყებელი

NGO-ები: მაღლაფერიძე GDS-ის თანამშრომლების GPB-ზე გადაყვანის გეგმას ასრულებს

არასამთავრობო ორგანიზაციები

საზოგადოებრივი მაუწყებლის GDS-ის კადრებით დაკომპლექტებას კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სპეციალური განცხადებით ეხმაურება. არასამთავრობოების შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS-ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS -ელია, აჩვენებს, რომ შესაბამის გეგმას ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე GDS -ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ახორციელებს. საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახლადმიღებულ თანამშრომელთა ანაზღაურება თვეში 80 ათას ლარს აღწევს, მაშინ როცა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი პირველივე დღიდან თანხების დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ მიზნით თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასაც კი გეგმავდა" - აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ GDS-ის თანამშრომელთა საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასაქმებას მენეჯმენტი ნიუსრუმის ახალი საჭიროებებით ასაბუთებს.

"თუმცა გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ახლადმიღებული კადრები მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ნიუსრუმში არ საქმდებიან. ახალი კადრების მიღება წინ უსწრებს მაუწყებელზე გამოცხადებულ კონკურსს გადაცემების შესარჩევად.

კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის” არაერთხელ კრიტიკულად შეაფასა ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განაგრძობს დაკვირვებას მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის გადაცემების შესარჩევ კონკურსზე. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ საკონკურსო კომისია შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა მენეჯმენტის ინტერესების დაცვას, წარმოდგენილი პროექტების პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას და წარდგენას საზოგადოებისათვის" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და მედიის მხარდაჭერის ფონდი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 20:30-ის ყოფილი მთავარი პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, GDS-ის თანამშრომლების ნაწილი მაუწყებელში დასაქმდა. მათ შორის, 20:30-ის წამყვანი მაკა ცინცაძე, ბიძინა ივანიშვილის გადაცემის "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" წამყვანები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე, GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა შონია, 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი, ასევე, 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

კომენტარები