ფსიქოტროპული მედიკამენტები

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. შესაბამის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერეს

კვოტები განისაზღვრა ექვს პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

"კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერება. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნული მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს - საბჭოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება" - აცხადებს შსს.

კომენტარები