რუსული პროპაგანდა

პრეზიდენტი: არასწორია, როცა NATO-ს მიმართ სკეპტიციზმს, პრორუსულობასთან აიგივებენ

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით არასწორია, როდესაც NATO-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებულია პრორუსულობასთან. მარგველაშვილმა NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ასევე თქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გრძელი და რთულია, თუმცა ეს გზა სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ.

"ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ NATO-ს მიმართ სკეპტიციზმი გაიგივებული იყო პრორუსილობასთან, ეს არის არასწორი. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი NATO-ს მიმართ. სკეპტიციზმი განპირობებულია, ერთი მხრივ, იმით, რომ ჩვენ ყველა მოველოდით უფრო სწრაფ პროცესს, თამასა იყო აწეული. მეორე მხრივ, თვითონ NATO-ს გაერთიანების და მდგრადობის ნაწილშიც კითხვის ნიშნები ნათლად ჩანს და ისმება საერთაშორისო მედიაში - რამდენად ძლიერია ალიანსი, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც რუსეთიდან მოდის. რა თქმა უნდა, ამაზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდა, რომელიც მთელ ამ სირთულეებს აზვიადებს, აქცევს სკეპტიციზმად, აკეთებს აქცენტს, რომ ეს არის სპეციფიურად საქართველოს მიმართ მიუღებლობა

მე ვფიქრობ, პასუხი ამ ადამიანების მიმართ მდგომარეობს შემდეგში - სხვა ქვეყნებსაც გაუვლიათ გრძელი გზა, არა მარტო საქართველოს გზა არის გრძელი და რთული. ჩვენი მეგობრები აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირელი მეგობრები მუდმივად გვიზიარებდნენ თავიანთ სირთულეებს, როდესაც საუბარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე", - ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან ხშირად უყურებს რუსულ მედიას, რათაა გაიგოს, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. მისივე თქმით, რუსული ენა მთავარი საინფორმაციო ირაღია, რომელიც "არ უნდა ჩავხსნათ".

"მე ძალიან ხშირად ვუყურებ რუსულ მედიას. შეიძლება ეს სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს ის საშინაო დავალებაა, რომელიც უნდა შევასრულო, რათა ვიცოდე, რა გზავნილებით მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა არის მათი ძირითადი ვექტორი, რომლითაც ისინი ავითარებენ თავიანთ პროპაგანდისტულ საქმიანობას. არანარად არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ რუსული ენა საქართველოში უნდა იყოს მივიწყებული. ეს არის როგორც რეგიონისთვის Lingua Franca, რომლითაც ვეურთიერთებით აფხაზებსაც, ოსებსაც, აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც... ინფორმაციის გავრცელებისთვის რუსული ენა არის ძალიან კომფორტული და არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები