საკონსტიტუციო კომისია

კობახიძე: მართლდება, რომ პრეზიდენტი ცდილობდა, საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინათ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მართლდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არასამთავრობოებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საკონტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა. საკონსტიტუციო კომისია ჯერ მხოლოდ მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.

"გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოო შედეგი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია", - თქვა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიის წევრები და არასამთავრობოები უარყოფენ კობახიძის განცხადებას პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შესახებ.

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი ტუღუშმა თქვა, რომ მათი საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მთავარი მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მუშაობაა.

"იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებით, შეიძლება, ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება" - თქვა ტუღუშმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

"ეს არის არაზუსტი და ძალიან დამაზიანებელი განცხადება პროცესისთვის. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან ასევე სხვა საკითხებთან მიმართებით, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და არ არის საჭირო ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ვინმესთან მიბმა", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები