პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

პრეზიდენტი: "მოსმენებზე" საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით მივმართავ

facebook.com/PresidentMargvelashvili

გიორგი მარგველაშვილი, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს - ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიურ გამოსვლაზე ისაუბრა.

"ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისათვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს, ყველაზე მეტად ღელვა გამოწვია, საზოგადოების ერთიანობიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით - სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში", - თქვა მარგველაშვილმა.

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტის მიზანია, სასამართლოს მიაწოდოს ექსპერტული მოსაზრება ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მეგობარი არ არის დავის რომელიმე მონაწილე მხარე.

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, მმართველი გუნდი კი საწინააღდეგოს ამტკიცებს. 

ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობოების ნაწილმა უკვე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

კანონი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

აქამდე მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული მიყურადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (იგივე სუს-ი) მატერიალურ-ტექნიკური დეპარტმანეტის საშუალებით ხდებოდა. კონკრეტული პირის მოსმენით დაინტერესებული ესა თუ ის უწყება სწორედ მას მიმართავდა მოსამართლის ბრძანებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დოკუმენტაციით. ამის საფუძველზე, დეპარტამენტი იღებდა გადაწყვეტილებას მიეყურადებინა თუ არა ამა თუ იმ პირისთვის.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეს ფუნქციები ექნება არა დეპარტამენტს, არამედ, საჯარო სამართლის იურიდულ პირს (სსიპ), ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც სუს-ის მმართველობის სფეროში შეიქმნება.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ სააგენტოს ექნება „დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიები“. ასევე, არ იქნება პროფესიულად დაინტერესებული, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია, რადგან არ ექნება საგამოძიებო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ფუნქციები.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სააგენტოს, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით შეუძლია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი, ფარული აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება, ინდივიდუალური და სტრატეგიული მონიტორინგი.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ ღონისძიებებს სააგენტო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება, კანონპროექტის ავტორთა მტკიცებით, ის დამოუკიდებელია.

თუმცა, ახალი სსიპ-ის უფროსის კანდიდატურა სპეციალურ კომისიას სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უნდა წარუდგინოს. კომისია, რომელსაც 7 წევრი ეყოლება, სააგენტოს უფროსს სამი კანდიდატიდან შეარჩევს. კომისიის წევრები იქნებიან სუს-ის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

ფარული მიყურადება ორგვარია, კონტრდაზვერვითი და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ახალი კანონის მიხედვით, კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის ფარული მიყურადების, ე.წ. ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას გათვალისწინებულია კონტროლის ელექტრონული სისტემა. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას.

რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გააკონტროლებს.

სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე, გათვალისწინებულია საპარლამენტო, პრემიერმინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი.

კანონის მიხედვით, სააგენტოს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა მობილური ოპერატორების (იგივე ავტორიზებული პირების) ინფრასტუქტურასთან. გარდა ამისა, ახალი სსიპ-ი მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს მათ და აკონტროლებს შესრულებას. შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტორიზებული პირები დაჯარიმდებიან.

„სააგენტოს წარმომადგენელი ‐ აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს შემოწმების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა‐განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები