პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

ხოშტარია: ხელისუფლებას არ აქვს მზაობა, ამ პრობლემებზე შედგეს საგნობრივი დებატი

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლისას გააკეთა ძირითადი აქცენტები და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მართლაც არსებობს ქვეყანაში. მისივე თქმით, ხელისუფლებას პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ "არასერიოზული დამოკიდებულება" აქვს.

"ეს არ არის ჩვეულებრივი მოსმენა, ჩვენ ვიმყოფებით პირობებში, როდესაც პრეზიდენტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არადემოკრატიული, არ არის პატივისცემა ამ ინსტიტუტის და ამიტომ, ჩვენ გვიკვირს ხოლმე სრულიად ნორმალური რაღაც. მაგალითად, ის, რომ პრემიერი ესწრება, განსაკუთრებულად ითვლება და ეს თავისთავად არანორმალური ვითარებაა.

რაც შეეხება გამოსვლას, პრეზიდენტმა გააკეთა ძირითადი აქცენტები და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მართლაც არსებობს ქვეყანაში. შეიძლება იმაზე კამათი, რაზე მეტი უნდა ესაუბრა და რაზე ნაკლები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების მხრიდან არ არის არანაირი მზაობა, ამ პრობლემებზე შედგეს საგნობრივი დებატი.

პარლამენტი არის იმისთვის, რომ უბრალოდ კი არ მოვისმინოთ პრობლემები და გავიაროთ, არამედ, არსებითად ვისაუბროთ გამოსავალზე. სამწუხაროდ, ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს" - ამბობს ხოშტარია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, მისი პარტიისთვის მთავარია, ისაუბროს იმაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას.

"არაერთხელ გაგვიკრიტიკებია პრეზიდენტი, მაგრამ აქ არ არის კინკლაობის დრო, მთავარია ის, რომ არსებითად ვისაუბროთ იმაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ამისთვის გამოვიყენებთ დებატებს" - თქვა ხოშტარიამ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე სიტყვით ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ახლა შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც, დებატები გაიმართება.

კომენტარები