სირიის კრიზისი

აშშ-მ სირიაში, ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში განახორციელა

AFP/Getty Images

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს.

პენტაგონის განცხადებით, ავიაიერიშის მიზანი ალ შარიათის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, აშშ-მ პირველი პირდაპირი იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ამის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

"დღეს ბრძანება გავეცი, რომ ავიადარტყმის სამიზნე გამხდარიყო სირიაში მდებარე ის სამხედრო ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესია, შეაჩეროს ქიმიური იარაღების გამოყენება და გავრცელება", – თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღის შესახებ არსებული კონვენცია დაარღვია და არ მოუსმინა გაეროს უშიშროების საბჭოს. ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ის ექვსწლიანი მცდელობა, შეეცვალ ასადის ქცევა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა "ყველა ცივილიზებულ ქვეყანას შეურთდეს ამერიკას და დაამთავროს სისხლისღვრა და სასაკლაო სირიაში და ასევე, დაასრულოს ყველანაირი სახის ტერორიზმი".

ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბრიტანეთის მთავრობამ. მათი თქმით, "აშშ-ის სამხედრო იერიში იყო ადეკვატური პასუხი სირიაში მომხდარ ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე".

ტრამპის გადაწყვეტილებას ასევე მხარი დაუჭირა - თურქეთმა, ავსტრალიამ, ისრაელმა და საუდის არაბეთთმა.

რუსეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა, რომ "აშშ-ს თავდასხმა აშშ-ის მიერ გაერო-ს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული აგრესიული ნაბიჯი იყო".

ვრცელდება კრემლის განცხადებაც. მათი თქმით, აშშ-მ აგრესიული ნაბიჯი გადადგა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. კრემლის შეფასებით, აშშ-ს თავდასხმას წინ ედგა "გამოგონილი საბაბი", რომ თითქოს ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. კრემლი აღნიშნავს, რომ სირიის მთავრობას ქიმიური იარაღი არ აქვს. მათი თქმით, აშშ-ის ეს ნაბიჯი დააზიანებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას. 

პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ თავდასხმის შესახებ გაფრთხილებული იყო რუსეთიც, რომელიც სირიაში ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა თქვა, რომ არც თავდასხმამდე და არც მის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის დისკუსია არ ყოფილა.

აშშ-ის სამხედრო იერიში დაგმო ირანმაც, რომელიც ასევე ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და სირიის მთავრობა უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო და განაცხადა, რომ თუ გაერო არ იმოქმედებს, ამერიკა მზადაა, საკუთარი ძალა გამოიყენოს სირიაში სამოქალაქო ომის შესაჩერებლად.

კომენტარები