პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ წარდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ხომ ხედავ, როგორ ვემზადები - ხალხთან ვემზადები,"- ასეთი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში 1 დღით ადრე ჩავიდა და მოსახლეობას გაესაუბრა. 

ხვალ, 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მე-4, ყოველწლიური ანგარიშით წარდგება. პრეზიდენტი აპირებს იმ თემებსა და პრობლემებზე ისაუბროს, რომელიც დღეს საზოგადოებისგან მოისმინა. 

"ვემზადები ასე, საზოგადოებასთან ურთიერთობით, საზოგადოების მოსმენით და იმ პოზიციების მოსმენით, რომელიც არსებობს ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით," - ამბობს მარგველაშვილი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი საქართველოს პრეზიდენტისგან მწვავე გამოსვლას ელოდებიან. 

"ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას და წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, როგორ ვხედავთ ქვეყნის განვითარებას და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, პასუხებიც გვექნება ყველა ბრალდებაზე იმიტომ, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე, პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გამოიყენებს ამ ტრიბუნას იმისთვის, რომ გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება,"- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი. 

პრეზიდენტის გამოსვლისთვის საპარლამენტო ოპოზიციაც ემზადება. მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაზე აპირებს შეკითხვების დასმას. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, არის უმუშევრობა, ფასების ზრდა, საერთო გაჭირვება, ცხოვრების გაძვირება და, ამიტომ, ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რასაც პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ევროპული საქართველო პოლიტიკურ დებატებში გააჟღერებს,"- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

პოლიტიკურ დებატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გეგმავენ. ენმ-ის წევრების თქმით, ისინი დებატის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავ ანექსიასა და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრებენ. 

"ძალიან გვაწუხებს ის, რომ ჩვენს მოსახლეობაში, სამწუხაროდ, ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დღითიდღე ეცემა. გვაწუხებს ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ ახორციელებს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს ქვეყანაში მიმდინარე ღია ანექსიის პროცესს,"- თქვა სალომე სამადაშვილმა.



 

კომენტარები